Thursday, April 28, 2011

მეწყერი

მეწყერი — მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც წყალშემკავებელი (თიხოვანი) და წყლიანი (მაგ., ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყერის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან გადამეტტენიანების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად და სხვ. მეწყერი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას. მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მთის კალთების გატყიანება, საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება, დრონაჟი და სხვ.


ცუნამი


ცუნამი (იაპ. 津波), ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად.

იაპონიაში 11 მარტს დილით მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 8,8 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიას საპორტო ქალაქ იოკოგომასა და ტოკიოს ცენტრში სერიოზული ნგრევა მოჰყვა.
მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის ტალღების სიმაღლემ ქალაქ კაისიში 10 მეტრს მიაღწია. ქალაქი მთლიანად დანგრეულია, ასობით ავტომანქანა წყალმა წაიღო.
ტოკიოს ცენტრი კვამლშია გახვეული. მიწისძვრის შემდეგ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 14 უმსხვილესი სამრეწველო ობიექტი იწვის.
ნავთობკომპანია “კოსმო ოილის” თავზე 30 მეტრის სიმაღლის ხანძარი მძვინვარებს. სამრეწველო ობიექტების გარდა, ტოკიოში საცხოვრებელი სახლებიც იწვის, ხალხი დახმარებას ითხოვს. დედაქალაქში არ მუშაობს ტელეფონები.
დანგრეულია ცენტრალური ავტომაგისტრალიც, რომელიც ცუნამის შედეგად ჩაინგრა. იაპონიაში სულ მცირე 4 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ვერტმფრენები შემთხვევის ადგილზე გააგზავნა, რათა ქალაქი ზემოდან დათვალიერდეს და ზარალი შეაფასდეს.
როგორც სეისმოლოგებმა განაცხადეს, დღევანდელი მიწისძვრა ბოლო 7 წლის მანძილზე იაპონიისთვის ყველაზე ძლიერია. ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არსებობს კუნძულ იოკაგამაზეც. მიწისქვეშა ბიძგები იაპონიაში ამ წუთებშიც იგრძნობა.
ავტომატურ რეჟიმში გაჩერდა რამდენიმე საწარმო, მათ შორის – ორი ატომური ელექტროსადგური; გაჩერებულია ყველა მატარებელი, არ მუშაობს მეტროპოლიტენი.
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ სამხრეთ კურილიის კუნძულებამდე მიაღწია.
“ინტერფაქსის” ცნობით, სოფელ მალოკურილის ნავსადგურის რაიონში ყინული დაიძრა. ცუნამის მიერ წარმოქმნილი ტალღების სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს. კურილიის კუნძულების მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

იაპონიაში ამ დროისთვის საქართველოს 35 მოქალაქე იმყოფება. როგორც იაპონიაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ბეშიძემ განაცხადა, ამ დროისთვის გართულებული კომუნიკაციის გამო მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ამასთან, ბეშიძის თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იყო, სადაც ქართველები არ ცხოვრობენ.
“ქართველები არიან ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოსა და ნაგოიაში, რომელიც ტოკიოდან სამხრეთით მდებარეობს”, – განაცხადა რევაზ ბეშიძემ.

ვულკანი

ვულკანი -(ლათ. Volcanus, Vulkan– ვულკანუს) კონუსისებური მთა, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.

ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან თვალსაჩინო ვულკანური კონუსი და კრატერია (ზედა ნაწილზე არსებული წრიული ჩაღრმავება), რომლის შიგნით ვულკანის კერა და ყელი მდებარეობს. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანის ყელი, ჩვეულებრის, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია როცა იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას.

აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი.

ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.

დედამიწაზე ასეულობით (1300-ზე მეტი) მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ინდონეზიაში, ზონდის კუნძულებს სუმატრასა და იავას შორის, მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კუნძული კრაკატუ. 1883 წელს კრაკატაუ ამოიფრქვა. ვულკანის ხმა ავსტრალიაშიც კი ისმოდა, რომელიც კრაკატუდან 5 000 კმ-ით არის დაშორებული. დღეს მის ადგილზე ახალი ვულკანია, რომელსაც კრაკატუს შვილს ეძახიან.

დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები როცა ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.

ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათისა არ არის. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა.

მიწისძვრა

მიწისძვრის წარმოქმნა

დედამიწის ზედაპირის რყევითი მოძრაობა იწვევს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენას - მიწისძვრას.

მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება.

მიწისძვრის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ბუნებაზე და დედამიწის ზედაპირის მდგომარეობაზე. მიწა შეიძლება გაიხსნას, ამოიწიოს ან ჩაღრმავდეს. მთიან ადგილებში მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზვავი ან მეწყერი, რომელსაც მოჰყვება გამდნარი ლავის მაგვარი თიხოვანი მასა. ხშირ შემთხვევაში, მეწყერის შედეგად, თიხოვანი და ქვიშიანი ნიადაგები ერევა ერთმანეთს და წარმოქმნის არამდგრად, მოძრავ ქანებს, ანუ ჭანჭრობს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1964 წლის ალასკის მიწისძვრის დროს.

გამანადგურებელი ბუნების ძალა

ბუნებრივი ძალებიდან მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია. დიდი მასშტაბის მიწისძვრა შესაძლოა 10000-ჯერ მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე , მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც 1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის, ანუ სეისმური ტალღები. 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის დროს, თვითმხილველების თქმით, გაჩენილი მიწის ტალღები 1 მეტრ სიმაღლეს აღწევდა. მიწისძვრის სიმძლავრის მიხედვით, მიწა შეიძლება ოდნავ ან ძლიერად შეირყეს, რის გამოც რელიეფი იცვლის ფორმას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს, რომ სან-ანდრეასის ნაპრალი 6 მეტრით იყო გადაადგილებული.

მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.

ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


მსოფლიო კატაკლიზმები




როგორია მსოფლიოს მასშტაბური კატაკლიზმების სტატისტიკა? დღემდე ყველაზე მასშტაბური სტიქია 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ფსკერზე მომხდარი მიწისძვრა იყო. მაშინ ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის შკალით 9.3 ბალი შეადგინა. მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამმა კი, სუმატრასა და ინდონეზიაში 230 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2010 წელს კი 2 დიდი მიწისძვრა ჩილესა და ჰაიტიზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს მიწისძვრა სიმძლავრით ბევრად აღემატებოდა ჰაიტიზე დატრიალებულ ტრაგედიას, ადამიანური მსხვერპლი და მატერიალური ზარალი ჰაიტისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა. მიწისძვრას 316 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.